„ირაყლის“ საქმეზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს და დააჯარიმეს

ქეთი გოგუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით და 500 ლარით დააჯარიმეს.

რაც შეეხება აქტივისტ ნოდარ სიხარულიძეს, ის სამართალდამრღვევად ცნეს წარდგენილ ორივე ბრალდებაში და 2000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 27 სექტემებრს გამოაცხადა.

წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის შეურაცხყოფის/დაუმორჩილებლობის მუხლებით წარმოება მიმდინარეობდა „დემოკრატიული ინიციატივის“(GDI) თავმჯდომარის, ედურად მარიკაშვილის, „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ იურისტის, საბა ბრაჭველის, აქტივისტების: ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის მიმართ.

შსს სამართალდარღვევად მიიჩნევდა სიტყვა „ირაყლის“ გამოყენებას, რაც მოწმე პოლიციელების შეფასებით, „კაცის სასქესო ორგანოზე მინიშნება იყო“, ამით კი დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე.

ბრალდების მეორე ნაწილი ითვალისწინებდა პოლიციელებისთვის, კანონიერ მოთხოვნაზე, შეწყვიტონ სამართალდარღვევა, „მონას“, „ნაძირალას“, „პუტინის მილიციის“ დაძახებას.

ბრალდებებს არ იზიარებდა დაცვის მხარე. GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მას დაკავების დროს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა. ბანერის წარწერით „ირაყლი“ ჭერის ფაქტს უარყოფს, ასევე, ნოდარ სიხარულიძე. ნიკა რომანაძის, საბა ბრაჭველისა და გრიგოლ ფრანგიშვილის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, პოლიციელების მიმართ სამართალდარღვევა კი საერთოდ არ ყოფილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 4 პოლიციელი და დაცვის მხარის სასარგებლოდ აქციის 5 მონაწილე გამოკითხა.

სხდომებზე შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებებიც, რომელთაგან არც ერთი არ ასახავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას.

აღსანიშნავია, რომ საქმეში, ძირითადად, არ არსებობდა სამხრე კამერების ჩანაწერები. შსს-მ მხოლოდ ედუარდ მარიკაშვილის საქმეზე წარადგინა ჩანაწერი, რომელიც მის დაკავებამდე წყდება. ბრალდება, ძირითად, მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.

დასკვნით რეპლიკებში ადვოკატებმა განმარტეს, რომ „ირაყლი“ არ შეიძლება, შეფასდეს სამართალდარღვევად, რადგან სიტყვა არ შეიცავს უხამსობას, მისი შინაარსი კი პოლიტიკურია. მათივე განმარტებით, პოლიტიკურ გამოხატვას დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს.

მათი თქმით, აქვტივისტების პროტესტი მიემართებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, უმაღლეს პოლიტიკურ პირს კი თმენის მაღალი ვალდებულება აქვს. ადვოკატებისვე თქმით, ევროსასამართლოს აქვს პრაქტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რომ არ შეიძლება, გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება.

გარდა ამისა, საბა ბრაჭველის უფლებადამცველებმა პოლიციელ დავით ქეშელაშვილის ჩვენებაზე ცრუ ჩვენებისა და განზრახ უკანონო დაკავების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

საბა ბრაჭველი და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრაჭველის დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა გასცა და ქეშელაშვილი პარლამენტთან საერთოდ არ იყო. მათ ბზიშვილის გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოწმის ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს ედუარდ მარიკაშვილის საქმეზეც.

„არასწორი ადამიანი არის მოყვანილი, არის მოწმე, დამკავებელი არ გვყავს აქ“, – ამ რეპლიკით მიმართა მოწმე კობა კაპანაძის გამოკითხვის შემდეგ ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატმა სასამართლოს.

გაეცანით „პუბლიკის“ რეპორტაჟებს სასამართლო სხდომებიდან: