„არასწორი ადამიანი არის მოყვანილი“ - „ირაყლის“ საქმეზე სასამართლომ პოლიციელების გამოკითხვა დაასრულა

ქეთი გოგუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ირაყლის“ საქმეზე დაკავებული აქტივისტებისა და უფლებადამცველების საქმის განხილვა განაახლა.


სასამართლო განიხილავს 2 ივნისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული 5 მოქალაქის საქმეს. შსს სამართალდარღვევად აფასებს ამ წარწერის გამოყენებას. როგორც მოწმე პოლიციელებმა ჩვენებაში თქვეს, „ირაყლი“ კაცის სასქესო ორგანოზე მინიშნებაა“, ამით კი დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე. ბრალდების მეორე ნაწილი ითვალისწინებს პოლიციელებისთვის კანონიერ მოთხოვნაზე, შეწყვიტონ სამართალდარღვევა, „მონის“ და „ნაძირალას“ წოდებას. სამართალწარმოება მიმდინარეობს ედუად მარიკაშვილის, „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ იურისტის, საბა ბრაჭველის, აქტივისტების: ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის მიმართ.


1 სექტემბერს გამოიკითხა პოლიციელი კობა კაპანაძე, რომელიც მოწმედ იყო წარმოდგენილი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, ედუარდ მარიკაშვილის დაკავების საქმეში. გამოიკითხნენ ასევე დაცვის მხარის მოწმეებიც.

მოწმემ, კობა კაპანაძემ, რომელიც ოქმში ედუარდ მარიკაშვილის დამკავებელ პოლიციელად ფიქსირდება, თავდაპირველად 2 ივნისს მიმდინარე მოვლენები აღწერა:

„პარლამენტის წინ შეკრებილები იყვნენ და აქციას მართავდნენ მოქალაქეები, სადაც იმყოფებოდა ჩემი დაკავებული ედუარდ მარიკაშვილიც. მათ ხელში ეჭირათ უცენზურო სიტყვისგან შემდგარი პლაკატი, ზოგს პლაკატი ეჭირა ხელში, ზოგს ფურცელი და ამით ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი. კერძოდ, იქ მოქალაქეები მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ და ჩვენი ხელმძღვანელობისა და ჩვენი არაერთი მითითებისა და მოთხოვნის მიუხედავად, რომ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, ისინი ისევ ისე აგრძელებდნენ და ამით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვის სკანდირებასაც, კერძოდ, აქაც გარკვეულ სიტყვას, სახელის მსგავსს იძახდნენ, შემდეგ რამდენიმე, ნახევარი წამი ჩერდებოდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვები, არ ვიცი ახლა გამეორება… სახელის მსგავსის შემდეგ იძახდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვას: „ირა… ყლი, …*ლეებო, ყ*ე“, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ როგორც GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, მას დაკავების დროს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა. შსს-ს კი საქმის მასალებში ჩადებული აქვს ფოტო, რომელზეც ასახულია მარიკაშვილი ხელში ბანერით „ირაყლი“. მარიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფოტო უშუალოდ მის დაკავებამდე დიდი ხნით ადრეა გადაღებული.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი: წარმოდგენილ პირთან მიმართებით უფრო კონკრეტულად რა ქმედებას ჰქონდა ადგილი?

მოწმე კობა კაპანაძე: აღნიშნულ პიროვნებასაც ფურცელი ეჭირა ხელში; მასაც მოვუწოდეთ, რომ შეეწყვიტა ქმედება…

173-ე მუხლის შემადგენლობა გამოიწვია იმან, რომ დაკავების პერიოდში რომ დავიწყეთ აღნიშნული პიროვნებების დაკავება, წამოვიდა მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და პლიუს ამას რუსული მილიცია და სხვადასხვა სიტყვა.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი: შეურაცხმყოფელი სიტყვები, უწმაწური სიტყვა თუ…

მოწმე: ნაძირალებო და რა ვიცი, ესეთი სიტყვები… და დაკავების პერიოდში შემდგომ დაკავებაში ხელს გვიშლიდნენ

მოსამართლე: ვის დაკავებაში გიშლიდნენ ხელს?

მოწმე: ბატონი ედუარდ მარიკაშვილის.

მოსამართლე: ვინ გიშლიდათ?

მოწმე: მოქალაქეები და თვითონაც ცდილობდა, რომ არ დამეკავებინა. [სტილი დაცულია]

იმის მიუხედავად, რომ კობა კაპანაძე ოქმში ედუარდ მარიკაშვილის დამკავებელ პოლიციელადაა მითითებული, მისი გამოკითხვიდან გაირკვა, რომ ის მარიკაშვილის დაკავების პროცესს გვერდიდან ადევნებდა თვალს, შემდეგ კი მასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში.

კობა კაპანაძე: დავინახე, რომ აღნიშნულ პიროვნებასაც ხელში ეჭირა პლაკატი, ფურცელზე წარწერა „ირაყლი“, მოვუწოდეთ შესაბამისად, მივედით, გავაფრთხილეთ, რამდენჯერმე მოვუწოდეთ მასაც და სხვა პირებსაც, რომ შეენახათ ეს ფურცლები… და შემდგომ რამდენიმე წუთის შემდგომ მოხდა დაკავება.

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე: ამ დროს ხელში ეკავა და არ უშვებდა და ირაყლი ეწერა ზედ?

მოწმე: ხელში ეკავა, კი ბატონო. არ უშვებდა, მისვლის შემდეგ, მგონი, შეატრიალეს თეთრად და, სავარაუდოდ, მერე გამოართვა, მე მგონი, ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, ზუსტად არ ვიცი.

ადვოკატი: შეატრიალეს რას ნიშნავს?

მოწმე: ამოატრიალეს, თეთრ მხარეს დაიჭირეს.

ადვოკატი: ედუარდზე გეკითხებით, მას ეჭირა და ამოატრიალა? თუ რა გააკეთა?

მოწმე: ამოატრიალა თუ არ ამოატრიალა, მაგას ვერ გეტყვით, არ მახსოვს.

ადვოკატი: კი ბატონო. „ირაყლი“ სიტყვა რას ნიშნავს?

მოწმე: ირაყლი სიტყვა იქ ასოთა მნიშვნელობას აქვს აზრი, რომ „ირა…“ და სკანდირებდნენ„…ყლის“ უკვე შეურაცხმყოფელია…

ადვოკატი: რატოა შეურაცხმყოფელი, რას ნიშნავს?

მოწმე: სიტყვათა მნიშვნელობა, ასოთა თანწყობაა ისეთი, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვა…

ადვოკატი: თქვენ რა იგულისხმეთ მაგაში, რატომაა შეურაცხმყოფელი სიტყვა? მე საერთოდ ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ეგ სიტყვა და თქვენ რადგან მიიჩნიეთ, რომ სამართალდარღვევა იყო, ესე იგი, რაღაც შეურაცხმყოფელი იყო.

მოწმე: ბოლო თანწყობას ასოების…

ადვოკატი: არ მოგეწონათ „ყლი“?

მოწმე: კი, ბატონო

ადვოკატი: და სიტყვაზე მე რო გავიდე პარლამენტის წინ და სიტყვა მეწეროს და „ყ“ და „ლ“ ერიოს ასოები,

მოწმე: არა, ეგრე არ არის, იძახდნენ „ირა“ და მერე „ყლი“ და „*ლე“ და ეგეთ რაღაცებს იძახდნენ. ამასთან ერთად იქ ბავშვები მიდიოდნენ მოქალაქეები და  პრეტენზიები გამოხატეს, რომ ეს ხალხი ასე რატომ დგას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს რატომ იძახისო.

ადვოკატი: ვინ მოქალაქეები?

მოწმე: მოქალაქეები დადიოდნენ, რომლებიც შეურაცხმყოფად იღებდნენ ამას.

ადვოკატი: ვინმე გამოჰკითხეთ ასეთი?

მოწმე: არა, გამოკითხვის სად იყო ახლა მაგისი დრო…

ადვოკატი: უშუალოდ თქვენ დააკავეთ ბატონი ედუარდი? თქვენ მიხვედით?

მოწმე: მეც მივიღე დაკავებაში მონაწილეობა.

ადვოკატი: სხვა ვინ იყო?

მოწმე: არ ვიცი ეხლა, ბევრი თანამშრომლები იყვნენ…

ადვოკატი: ჰო ,ანუ თქვენ უშუალოდ იყავით?

მოწმე: იქ ვიდექი მათთან ერთად.

ადვოკატი: ხელი თქვენ მოჰკიდეთ?

მოწმე: ხელი შეიძლება არ მომიკიდია, მაგრამ მეც მივყვებოდი გვერდით, დაკავებული პოლიციის მანქანაში რომ ჩასვეს, ჩავჯექი იმ მანქანაში.

ადვოკატი: სწორად გამიგეთ, ედუარდი რომ დააკავეთ, ხელი მოჰკიდეთ თქვენ და წაიყვანეთ?

მოწმე: პირადად მე ხელით არ გამომიყვანია, მე დაკავების მომენტში ვიდექი, ვუყურებდი სულ ყველაფერს იმ პროცესებს და გვერდზე მოვყვებოდი მას. პირადად მე ხელი არ მომიკიდია.

ადვოკატი: ვინ მოჰკიდა, ვინ დააკავა მაშინ?

მოწმე: არ ვიცი, ბევრი პოლიციელი იყო, მანქანაში ჩასვეს და შემდგომ…

ადვოკატი: ანუ არ იცით, ვინ არის ედუარდ მარიკაშვილის ფაქტობრივი დამკავებელი?

მოწმე: გვერდზე ვიდექი მეც, დაკავების პროცესში.

ადვოკატი: ანუ გვერდზე იდექით?

მოწმე: კი ბატონო, მეც მქონდა ხელი მოკიდული, მაგრამ პირადად ხელი გაყრილი და ის მე არ მქონია.

ადვოკატი: თქვენ რატომ შეავსეთ მაშინ ოქმი?

მოწმე: პირადად მეც ვუყურებდი, რა მნიშვნელობა აქვს?

ადვოკატი: ანუ მოწმე ხართ, ესე იგი; თუ თქვენ არ დაგიკავებიათ, რატომ შეავსეთ?

მოწმე: მეც დავაკავე, მეც ვმონაწილეობდი ამ დაკავებაში

ადვოკატი: რაში გამოიხატებოდა ეს?

მოწმე: გვერდზე მოვყვებოდი და ხელი მეც მქონდა მოკიდებული.

ადვოკატი: ხელი მოკიდებული გქონდათ ედუარდზე და მანქანამდე მიაცილეთ?

მოწმე: კი, ბატონო.

ადვოკატი: წეღან თქვით, არ მქონდაო მოკიდებულიო?!

მოწმე: არა, გვერდზე ვიდექი და მივყვებოდი-მეთქი.

ადვოკატი: ანუ ხელი მოკიდებული გქონდათ?

მოწმე: კი, ბატონო. [სტილი დაცულია]

ადვოკატის შეკითხვაზე, დაკავებამდე მოუწოდა თუ არა კობა კაპანაძემ ედუარდ მარიკაშვილს, შეეწყვიტა სამართალდარღვევა, პოლიციელმა თქვა, რომ მას ეს არ გაუკეთებია. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს მიმართავდნენ ხელმძღვანელი პირები. მოწმემ დაასახელა სამმართველოს უფროსი ლაშა ჯოხაძე, რომელიც საქმეზე გამოსაკითხ პირთა სიაში არ არის.

ადვოკატი: რამე მოწოდება გააკეთეთ ედუარდის მიმართ? კანონს როცა არ ემორჩილება, ხომ უნდა მოუწოდოთ, რომ აი, მოქალაქევ, გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს და ეს ქმედება?!

მოწმე: ჩემთან ერთად იქ იდგა რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, რომლებმაც პირადად მოუწოდეს მთელი აქციის მონაწილეებს, პირადად უთხრეს სუყველას…

ადვოკატი: ანუ თქვენ არ მოგიწოდებიათ?

მოწმე: პირადად მე არ მომიწოდებია.

ადვოკატი: ხელმძღვანელები ვინები იყვნენ?

მოწმე: არ ვიცი, ახლა იქ ბევრი იყვნენ.

ადვოკატი: ანუ არ იცით, ვინ მოუწოდა?

მოწმე: პირადად იქ იყვნენ ხელმძღვანელები, ბევრნი იდგნენ ჩემ წინ, ვინც ელაპარაკებოდა და მოუწოდებდა…

ადვოკატი: მოწოდება თუ გაიგეთ, რომ შეეწყვიტათ?

მოწმე: კი ბატონო, პირადად იდგნენ სამმართველოს უფროსი [ლაშა] ჯოხაძეც, ისინიც, ვინც მივიდნენ და პირადად უთხრეს…

ედუარდ მარიკაშვილი: როგორ იყო ეს მოწოდება გამოხატული? რამე ხმის გამაძლიერებლით, კონკრეტულად ადამიანებთან ასე მისვლით და საუბრით?

მოწმე: მოვიდა პირადად თქვენთან, ჯოხაძის გვერდით ვიდექი…

მარიკაშვილი: გესმოდათ რა მითხრეს?

მოწმე: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოგიწოდა, შეურაცხმყოფელი ფურცლებისა და ბანერების შენახვა…

მარიკაშვილი: შეგიძლიათ თქვათ, რომ ზუსტად გახსოვთ, ჯოხაძე მოვიდა ჩემთან და მელაპარაკებოდა მაგ საკითხზე?

მოწმე: მთლიანად ჯოხაძე მოვიდა…

მარიკაშვილი: მთლიანად არა, ჩემზე გეუბნებით.

მოწმე: პირადად შენზე არ ვიცი, სათითაოდ ხომ არ ჩამოუყვებოდა აქციის წარმომადგენლებს [სტილი დაცულია]

კობა კაპანაძემ დარწმუნებით ვერ თქვა, ედუარდ მარიკაშვილი სკანდირებდა თუ არა შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან აყენებდა თუ არა პოლიციას შეურაცხყოფას. მისივე თქმით, სამხრე კამერა არ ეკეთა და სამართალდარღვევის ამსახველი სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

ადვოკატი: 166-ე მუხლი, წვრილმან ხულიგნობად მიიჩნიეთ პლაკატის ჭერა და მაგიტომ დააკავეთ, ხომ?

მოწმე: მარტო მაგიტომ არა, სკანდირებები იყო.

ადვოკატი: ბატონი ედუარდიც სკანდირებდა?

მოწმე: იმ ხმაურში ყვიროდა თუ არ ყვიროდა, არ ვიცი.

ადვოკატი: არ იცით, ყვიროდა თუ არა? გარდა ამ ჩვენებისა, თუ არსებობს რამე მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ედუარდი რამე ცუდ სიტყვას ამბობდა პოლიციელების ან ვინმეს მისამართით, ზოგადად?

მოწმე: არა, არ მეკეთა კამერა, პირველი მისვლის დროს იქ რამდენიმე პიროვნება დააკავეს და კამერა გამძვრა საერთოდ.

ადვოკატი: ანუ, გარდა ამ თქვენი ჩვენებისა, სხვა არაფერი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ედუარდ მარიკაშვილი იგინებოდა ან სამართალდარღვევას ჩადიოდა

მოწმე: არა [სტილი დაცულია]

ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, რომ კობა კაპანაძე ედუარდ მარიკაშვილის დაკავების მოწმეა და არა დამკავებელი პოლიციელი. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა აღნიშნა, რომ მისი ჩვენების გათვალისწინებაზე გადაწყვეტილება საბოლოო დადგენილებაში აისახება.

ედუარდ მარიკაშვილი: თქვენ უშუალოდ ჩემთვის ხელი არ წაგივლიათ, დაკავება არ დაგიწყიათ, ამბობთ, რომ თქვენმა კოლეგებმა დაიწყეს, მანამ დაკავებას დაიწყებდით, ხომ არ გქონდათ კომუნიკაცია იმ კოლეგებთან, რატომ უნდა დაგეკავებინეთ?

კობა კაპანაძე: არა.

ედუარდ მარიკაშვილი: აბა, რა იცით, რაზე დამაკავეს?

კობა კაპანაძე: იქ ვიდექი და ყველაფერს ვუყურებდი.

ედუარდ მარიკაშვილი: ხო მაგრამ, თქვენ ხომ არ იცით, იმ ორმა ადამიანმა გადაწყვეტილება რატომ მიიღო?

კობა კაპანაძე: იქ ვიდექი მეც და სამართალდარღვევას ვუყურებდი, უშუალოდ ვუყურებდი პროცესებს.

ადვოკატი: ბატონო მოსამართლე, არასწორი ადამიანი არის მოყვანილი, არის მოწმე, დამკავებელი არ გვყავს აქ. ფაქტობრივად, მტკიცებულება არ არსებობს საქმეში.

მოსამართლე: გავითვალისწინებ თუ არა ამ ჩვენებას, ეს საბოლოო დადგენილებაში აისახება.

კობა კაპანაძე: თქვენ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებთ, მე არ ვიცი, მაგრამ დაკავების პროცესში იქ ვიყავი ბოლომდე და ვუყურებდი ყველაფერს, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. დაკავების პროცესში იქ ვიდექი თქვენ გვერდში, ვჩანვარ-არ ვჩანვარ ვიდეოკადრებში, ეგ არ ვიცი. [სტილი დაცულია]

დაცვის მხარის მოწმეებმა ჩვენებებში ხაზი გაუსვეს, რომ აქტივისტები და უფლებადამცველები ორ ივნისს პარლამენტთან სოლიდარობის ნიშნად და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მივიდნენ. მათი პროტესტი გამოიწვია „ირაყლის“ გამო ადვოკატ შოთა თუთბერიძის დაკავებამ. შოთა თუთბერიძეც და აქციის სხვა მონაწილეებიც პარლამენტთან პრემიერ ღარიბაშვილის „პრორუსულ განცხადებებს“ აპროტესტებდნენ და წარწერა „ირაყლიც“ სწორედ პრემიერს მიემართებოდა.

მოწმეებმა აღნიშნეს, რომ აქციაზე სამართალდარღვევა არ ყოფილა, „ირაყლი“ კი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და ის არ შეიძლება, შეფასდეს უხამსობად, ვინაიდან მისი შინაარსი პოლიტიკურია. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოხატვის თავისუფლებას დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს.

სასამართლო საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე გადადის. გამოსაკითხი დარჩა დაცვის მხარის ერთი მოწმე. მხარეების შემაჯამებელი გამოსვლის შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მომდევნო სხდომა 4 სექტემბერს, 14:00-ზე ჩაინიშნა.