ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი რაღაც - ხაზარაძე ლგბტ უფლებებზე

პუბლიკა

„TV პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, „რა აზრის ხართ უმცირესობების ქორწინებაზე და მათთვის შვილად აყვანის უფლებაზე?“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ქორწინებაზე ჩანაწერი კონსტიტუციაში კარგად არის განსაზღვრული. მისივე თქმით, „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობების უფლებები არის ძალიან კარგად“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად არის განსაზღვრული კონსტიტუციაში და მგონი, გადახედვა ამას არ სჭირდება და ჩვენ აქ ნოვატორობა ამ მიმართულებით არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს ქვეყანაში უმცირესობების უფლებები არის ძალიან კარგად დაცული, ის თუ გადახრები ხდება, ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი დარეგულირებულია და კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ხაზარაძეს ჰკითხა, „ირღვევა თუ არა ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები?“, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა:

„ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი რაღაც, ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსტიტუციაში ეს ლამაზად, კარგად წერია და ამას უნდა გავყვეთ. ამას მე მგონი მეტი აფიშირება არ სჭირდება და ის, რაც თქვენ თქვით, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ქორწინებაზე… შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ, ოჯახმა“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.


2014 წელს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო „ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“. 2016 წელს საინიციატივო ჯგუფმა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის მქონე მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილს, გამართულიყო რეფერენდუმი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის? – მარგველაშვილმა ამ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს მთავრობა. იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში ახალი პარლამენტი შეიტანდა.

2017 წელს კი საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. პროექტის ავტორები იყვნენ დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

აღნიშნული ჩანაწერი ადამიანის უფლებებზე მომუშავე არაერთმა ორგანიზაციამ დისკრიმინაციულად შეაფასა.

LB loan image desktop LB loan image mobile