IRI-ის კვლევა | როგორ აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოკითხვის შედეგებს

პუბლიკა

IRI-ის გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, ბოიკოტი არავის მოსწონს, თუმცა ისინი ემხრობიან რიგგარეშე არჩევნებს. ხელისუფლების ოპონენტები ხაზს უსავამენ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია.

„რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, ამ კვლევის კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ, როდესაც არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა. მათ შორის ეს გამოკითხვა სხვადასხვა სფეროში ზომავს დაცემას“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

ბოიკოტი არ მოსწონს არც სერგო ჩიხლაძეს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს პროტესტის უკიდურესი ფორმაა.

„სხვა გზა არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ. ამიტომაც გვინდა მოლაპარაკება, შეთანხმება, რომ ეს დროზე უნდა დასრულდეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩევლის 86% ითხოვს ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კვლევის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა სალომე სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. სამადაშვილი ფიქრობს, რომ კვლევა რეალობას არ ასახავს.

„ეს გამოკვლევა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, ჩემი აზრით, დღეს, რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ. ანუ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და ეს კვლევა დასრულდა 26 თებერვალს. ჩემი აზრით, დღეს, რომ ჩაატარო კვლევა, საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, საერთოდ განსხვავებულ სურათს მიიღებთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური ელიტა კრიზისიდან ვერ გამოდის, ამიტომ გადაწყვეტის უფლება ხალხს უნდა გადაეცეს და პლებისციტით გადაწყვიტონ, ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.

ბოიკოტი არ მოსწონს არც „ლელოს“, თუმცა საბა ბუაძეს მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

„ამ ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ახლა ვართ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შედეგი და არა ახლა არსებული მოცემულობა, ვინაიდან რასაკვირველია ბოიკოტი როგორც ცალკეული ფაქტი არ არის მოსაწონი და მისასალმებელი ვითარება. ჩვენ გვირჩევნია, საპარლამენტო კედლებში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, თუმცა ამას დღეს ხელს უშლის ხელისულება, ხელისუფლების სიჯიუტე ახალ არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

სალომე სამადაშვილის მსგავსად, ბუაძესაც მიაჩნია, რომ კვლევაში ასახული რეიტინგები არ შეიძლება გადმოსცემდეს ახლანდელ რეალობას.

„მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ამ კვლევაში არსებული ცალკეული რეიტინგები, ახლა, როდესაც სიტუაცია არის ძალიან მწვავე, არ შეიძლება, ასახავდეს ადეკვატურ მოცემულობას. თუმცა ის, რომ ოპოზიციას აქვს ჯამში უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, ამ კვლევითაც დადასტურდა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარტიები, რომლებიც ძველ გზას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

„ოპოზიციის ბოიკოტი რომ დიდწილად დამანგრეველი იყო, დესტრუქციული იყო, ზოგადად, გასაგებია, რაღაცნაირად ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც პარტიები მიმართავენ ნორმალურ მდგომარეობაში. შეიძლება გამოცხადების დღეს უფრო მეტი საფუძველი გვქონდა, მათ შორის ჩვენ, მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე ცხადია, რომ ეს პროცესი დასასრულებელია და ფაქტობრივად, ჩიხში ვიმყოფებით.​ იმედია მალე დასრულდება. მგონი, უკვე მაქსიმუმ რამდენიმე კვირის საკითხია, როცა ეს ისტორია უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია ასეთ რეჟიმში გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, რომ იგივე რეჟიმში ვიყოთ, იგივე სიტყვები ვილაპარაკოთ, იგივე ლოზუნგები და არაფერი შევცვალოთ. ადრე თუ გვიან, ის პარტიები, რომლებიც ძველ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ჩვენი ამომრჩევლის თვალში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% ბოიკოტს არ ეთანხმება, ვადამდელის დანიშვნას ეთანხმება 45%, ხოლო არ ეთანხმება ასევე 45%. არჩევნები რომ ტარდებოდეს, „ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 35%, ენმ-ს კი 18%.