ერთ მხარეს დარჩა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია - სხვა პოზიცია აქვთ კახეთის გზატკეცილზე - ვოლსკი IRI-ზე

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფასებული კვლევების მიხედვითაც კი ხალხი პირდაპირ ეუბნება ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა.

„ესენი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მონაცემებს ყველაზე მეტად ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“ და პროპაგანდის გარკვეულ ფორმასაც წარმოადგენს მათი ციფრების წარმოჩენა. არ დარჩენილა არც ერთი კვლევა, მათ შორის არც მათ მიერ დაფასებული ორგანიზაციები, სადაც ხალხი პირდაპირ არ ეუბნება ოპოზიციას, რომ პარლამენტშია ის ადგილი, სადაც უნდა ვიდავოთ.

გარდა ამისა, არა მარტო IRI და NDI, ერთ მხარეს დარჩა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არათუ არ გაყალბებულა, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ბრიუსელში და ვაშინგტონში სხვა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით, სხვა პოზიცია აქვთ კახეთის გზატკეცილზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხალხი მაინც ენდობა „ქართულ ოცნებას“ და ის ფიქრობს, რომ არჩევნების წინ უფრო მაღალი რეიტინგი იქნება.

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% ბოიკოტს არ ეთანხმება, ვადამდელის დანიშვნას ეთანხმება 45%, ხოლო არ ეთანხმება ასევე 45%. არჩევნები რომ ტარდებოდეს, „ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 35%, ენმ-ს კი 18%.