IRI-ის კვლევა – შეფასებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის. მისივე თქმით, ის, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი აპირებს არჩევნებზე მისავლას, „ოცნებისთვის“ ცუდია.

„ეს კომბინაცია არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რაც არის საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და ამიტომ ამ კვლევაში სწორედ ეს არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი და ამ კვლევაში სწორედ ეს ჩანს“, – განაცხადა კაპანაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ყურადღებას გადაუწყვეტელ ამომრჩეველსა და იმ რესპონდენტებზე ამახვილებს, რომლებმაც პასუხზე უარი განაცხადეს. ვაშაძე ამბობს, რომ ასეთი ადამიანების უმრავლესობა ოპოზიციის მხარდამჭერია, თუმცა „ოცნების“ ზეწოლის გამო ამას ხმამაღლა არ ამბობს.

„გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგებთან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რაოდენობა  და როდესაც თქვენ ასახელებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე ან არ გადაუწყვეტიათ ჯერ, ვის მისცემენ ხმას. დარწმუნებული იყავით, 80% ამ ადამიანების არის ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ ენმ-ს. საქართველოს მოქალაქე ერიდება თავისი აზრის გამოხატვას,  იმიტომ, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ მიერ არის დაშინებული“, – გრიგოლ ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კვლევამ ცხადყო, რამდენად მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა ოქტომბრის არჩევნებზე.

„31 ოქტომბრისთვის ეს კვლევაც აჩვენებს, რომ ძალიან მაღალი იქნება აქტივობა. ხალხი ემზადება ხელისუფლების მატყუარა, დამსხვრეული ოცნებების შესაცვლელად“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის მსგავსად, „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძეც მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მომავალ არჩევნებში მმართველი პარტია ხელისუფლებას დაკარგავს.

„ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია თავის არჩევანში   და აკვირდება პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორ კამპანიას წარმართავენ ისინი. ვფიქრობ, ხელისუფლება ჯამში აიღებს უფრო ნაკლებს, ვიდრე მისი არასატელიტი ოპოზიციური პარტიები“, – აცხადებს ანზორ ბიწაძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კვლევის მიხედვით, არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება.

„კოალიციას დააკომპლექტებენ პარტიები, რომელთაც ექნებათ მეტი მანდატი. მოსახლეობის უმეტესობას არ მოსწონს ის, რაც ხდება და მზად არის, არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება“, – აცხადებს ბესელია.

„ქართული ოცნება“ გვისწრებს ადმინისტრაციული რესურსით, შეშინებული თანამდებობის პირებით. მათი ნათესავები, საბიუჯეტო მუშაკები – არ უყვართ ისინი – მაგრამ გამოკითხივს დროს ამბობენ, რომ დავუჭერთ მხარს, დანარჩენ ვერავინ ვერ გვისწრებს წინ“, – ასე აფასებს კვლევის შედეგებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ პარტიაში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ არჩევნების შედეგებით პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ისევ მოიპოვებს. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კამპანიის დასრულების შემდეგ „ოცნებას“ მეტი მხარდამჭერი ეყოლება.

„რაც შეეხება ამ კვლევას, ეს არის შედეგები, რომელიც ალოკაციის გარეშეა დამუშავებული და არ ასახავს სრულფასოვან სურათს, თუ რა მხარდაჭერაა იმ ჯგუფებში, ვინც თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან, თუნდაც ამ კონკრეტული ორგანიზაცის ინტერვიუერებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცენტი გამოხატავს ჩვენს მიმართ არსებულ მხარდაჭერას. გირჩევთ, ნახოთ ის კვლევები, სადაც არის სრულფასოვანი ანალიზი, მათ შორის, ალოკაციის მეთოდიცაა გამოყენებული და იქ არის 56% მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი CRRC  და IPM (IRI-ის პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევების საველე სამუშაოებს ატარებენ) გააკრიტიკა:

„მე არ ვიცი NDI-სა და IRI-ს კვლევები, მე ვიცი CRRC-ისა და IPM-ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობასთან, ერთმანეთთანაც აცდენილია. როდესაც ერთი კომპანია გიდებს 27%-ს და მეორე – 60%-ს, როცა ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ, ბუნებრივია, რიცხვები თავის თავზე მეტყველებს.

CRRC და IPM არ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდიან სწორ ინფორმაციას. როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაციები შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს“, – განაცხადა კობახიძემ.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აგვისტოს გამოკითხვის მიხედვით, შეკითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდით ხმას, არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, 33% მოსახლეობისა (პირველი არჩევანი) პასუხობს, რომ ხმას კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

აგვისტოში მოსახლეობის 15% ამბობს, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ამავე შეკითხვაზე მოსახლეობის 4% პასუხობს, რომ პირველ არჩევნად ხმას „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა.