ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს - 33% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 15% ენმ-ს - IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აგვისტოს გამოკითხვის მიხედვით, შეკითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდით ხმას, არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, 33% მოსახლეობისა (პირველი არჩევანი) პასუხობს, რომ ხმას კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

აგვისტოში მოსახლეობის 15% ამბობს, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ამავე კითხვაზე, მოსახლეობის 4% პასუხობს, რომ პირველ არჩევნად ხმას „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა.

IRI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% პირველ არჩევნად მისცემდა ხმას „სტრატეგია აღმაშენებელს“, 3% – „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე 3% – „ლეიბორისტულ პარტიას“, 2% – „სამოქალაქო მოძრაობას“, 2% – პარტიას „ლელო – საქართველოსთვის“, 2% – „გირჩს“, 1% – „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობას“. მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები პასუხობს – „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს“ და ასევე, 1%-ზე ნაკლები – პარტია „თავისუფალ საქართველოს“.

კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 1% პასუხობს, რომ „სხვას“, 5% ამბობს, რომ „არცერთს“, 25%-ს კი შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

ხოლო მათგან, ვინც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, პროცენტები ასე გადანაწილდა: 36% – „ქართული ოცნება”, ენმ – 15%, „ევროპული საქართველო” – 4%;


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.