IRI: ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიურად მხოლოდ მოსახლეობის 10% აფასებს

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში რესპონდენტები  რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებითაც გამოკითხეს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი აფასებს პოზიტიურად საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას.

საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიურად აფასებს რესპონდენტების 10%, 30% კი – მეტ-ნაკლებად პოზიტიურად. გამოკითხულთა 20% მეტ-ნაკლებად ნეგატიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას, 30% კი – ნეგატიურად. 10%-მა უარი განაცხადა პასუხზე, ან მიუთითა, რომ „არ იცის“.

ასევე, ჯამში, გამოკითხულთა უმრავლესობა, 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო პრორუსულია, ვიდრე – პროდასავლური, 38% კი ფიქრობს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული.

მნიშვნელოვნადაა შემცირებული მოსახლეობის წილი, რომელიც რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას ემხრობა. დიალოგის გაღრმავებას მხარს მხოლოდ გამოკითხულთა 26% უჭერს მხარს, 27% კი მეტ-ნაკლებად, 9% მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგება, 34% კი უპირობოდ ეწინააღმდეგება.

შეკითხვის პასუხად, თუ ვინ არის საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, 87% რუსეთს ასახელებს. მეორე ადგილზე მყოფ აშშ-ს კი მხოლოდ 8%. მესამე ადგილზეა თურქეთი, რომელიც მთავარ საფრთხედ ასევე გამოკითხულთა 8%-მა დაასახელა.

რუსეთს მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ ასახელებს ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა – 76%, მეორე ადგილზე კი თურქეთია – 6%-ით.

მოსახლეობის უმრავლესობა, 76% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ახლაც გრძელდება და მხოლოდ 5% ფიქრობს, რომ აგრესია დასრულდა და აღარც განახლდება.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, გამოკითხულთა მხოლოდ 4% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მათ საქართველოში საკუთრების შეძენა უნდა შეეძლოთ. 7% ეთანხმება, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა შეძლონ ბიზნესის დარეგისტრირება. უფრო მეტი აქვს მხარდაჭერა უვიზო მიმოსვლას, რასაც რესპონდენტების 13% უჭერს მხარს.

თუმცა გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 79% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა, 37% მიიჩნევს, რომ სანამ რუსეთი არ დაუბრუნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ ქვეყანაში შემოსვლა არ უნდა შეეძლოთ, კიდევ 29% კი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ რუსები დატოვებენ საქართველოს. გამოკითხულთა მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ მისასალმებელია მათი ქვეყანაში შემოსვლა.

შუაზე იყოფა მოსახლეობის აზრი პირდაპირი ფრენის აღდგენაზე. ჯამში, გამოკითხულთა 48% მხარს უჭერს ფრენების აღდგენას, 46% კი ეწინააღმდეგება. 6%-მა არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე.


კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი – +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.