ის, რომ რუსეთის მოქალაქემ იყიდა ბინა, ეს ეკონომიკისთვის რისკს ნამდვილად არ ზრდის - გიორგი კაკაურიძე

პუბლიკა

კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების გასხვისებასა და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ბინების შეძენასთან დაკავშირებით პარლამენტში კითხვები დაუსვა. დეკანოიძემ გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რამდენი ჰექტარი მიწა გასხვისდა ბოლო ერთ წელში რუსეთის მოქალაქეებზე და ასევე, რამდენი ბინა გაიყიდა მათზე.

კაკაურიძე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს „ჰექტრებში“.

დეკანოიძე: „ბოლო ერთ წელიწადში რუსეთის მოქალაქეებზე რამდენი ჰექტარი მიწა გასხვისდა თუ იცით? თუ გაქვთ ინფორმაცია? 424 000 მ2 ეს არის ის რაოდენობა მიწების, რომელიც გასხვისდა რუსეთის მოქალაქეებზე.. თუ იცით რამდენი ბინა გაიყიდა რუსეთის მოქალაეებზე? 10 000 ზე მეტი ბინაა შესყიდული რუსეთის მოქალაეების მიერ“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ „ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, თუ რუსეთის მოქალაქეებიც შეიძენენ ბინებს საქართველოში.

„ბინების შეძენაზეც, დიდი ნაწილი, თუ გვარების მიხედვით ნახავთ, არის დიდწილად ქართველები, თუმცა არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამას. ეს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი ვერ იქნება, რომ რაღაც რაოდენობა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა. გეთანხმებით, ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა ის, რომ რუსეთის მოქალაქემ იყიდა ბინა ეს ეკონომიკისთვის რისკს ნამდვილად არ ზრდის“, – განაცხადა კაკაურიძემ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება მოისმინეს.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს კველავას, რომელიც „უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორმა“ ჩაატარა, კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0.9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე;

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.