ISFED: ბიურო ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისგანაც” ითხოვს - გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო მათგანაც მოითხოვს ინფორმაციას ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემების შესახებ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.

„დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნებს“ ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები.

მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.

ბიურო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ,,გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა სათანადოდ არ განმარტავს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება.

სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი მონაცემები ათასობით ბენეფიციართან დაკავშირებით, ისევე, როგორც საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს და მისი გაუმჟღავნებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

„სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.


18 და 19 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების შვიდ ორგანიზაციას, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარს“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს”, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს”, „საქართველოს მომავლის აკადემიას”, „მედიის განვითარების ფონდსა” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს” სასამართლოს ბრძანებები ჩაბარდათ, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდის სამართლებრივი, პერსონალური, ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

NGO-ები ამბობენ, რომ არ აპირებენ პერსონალური მონაცემების გაცემას, „თუნდაც ამას დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.

18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობოებისგან ინფორმაციის გამოთხოვა ამ ორგანიზაციებში პოლიტიკური საქმიანობის გამოვლენას უკავშირდება.

კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია არ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს და ემსახურება მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას.