ISFED-ის დაბლოკვა აჩვენებს, რომ „ოცნების“ სამუშაო პროცესი ილუზიაა - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის არმიწვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამუშაო პროცესი ილუზიაა.

„ცნობილი გახდა დღეს, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ეს არის ნათელი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს პროცესი სჭირდებათ იმიტაციისთვის, რომ შექმნან ილუზია თითქოს იმუშავეს, ყველაფერი გააკეთეს და ევროპამ უსამართლოდ უარი გვითხრა კანდიდატის სტატუსზე“, – ამბობს ის ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მმართველი პარტიისგან განსხვავებით ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შექნილი სამუშაო ჯგუფი ღია ყველა მხარისთვის, მათ შორის თანამშრომლობს „სამართლიან არჩევნებთან“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.


პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.