„ოცნებამ" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არ მიიწვია - „საიამ" პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

პუბლიკა

პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ის, რომ „სამართლიან არჩევნებს” აქვს განცხადება გაკეთებული, რომლის გამოც არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ვინც როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ამის გამო სამუშაო ჯგუფში არდაშვება დისკრიმინაციულია. ISFED-მა გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო და მიუთითებდა იმაზე, რომ თანამშრომლობისთვის მზად იყო როგორც ოპოზიციასთან, ისე “ქართულ ოცნებასთან”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის გაცხადებით, პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებული ჯგუფი მუშაობას იწყებს.

მისივე თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  „სამართლიანი არჩევნები“ არ მიეწვიათ ამ სხდომაზე.

„ამას აქვს თავისი საფუძველი და საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ბოლო შეკრების დროს შეუერთდნენ მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის გადაყენების თაობაზე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასა და ამ პროცესში მონაწილეობას.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრებზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.  ჩვენი სამუშაო ჯგუფის კარი კი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და მივიჩნევთ, რომ მათი მონაწილეობა ძალიან ღირებულია ამ პროცესისთვისაც“, – განაცხადა მიქანაძემ.