ISFED-ის დაზუსტებული მონაცემები | რას ამბობს ოპოზიცია

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გუშინ, 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებასთან დაკავშირებით გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელები. ისინი ყურადღებას ორი მიმართულებით ამახვილებენ. პირველი – მათი თქმით, ISFED-ის მონაცემებში ვერ იქნება ასახული კარუსელებითა და მუქარით მიცემული ხმების რაოდენობა, რასაც მათი თქმით, არჩევნებზე სისტემური ხასიათი ჰქონდა და რაც თავის მხრივ, გავლენას ახდებს საბოლოო შედეგებზე. და მეორე – ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ISFED-ის ამ ცდომილების საჯაროდ გაცხადებამდე უკანონო გზებით იცოდა ამის შესახებ და რომ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება „1%-იანი გადახრის” შესახებ აქედანაც იყო განპირობებული.


„ISFED-ის პარალელური დათვლა არ ახდენს იმ ხმების დათვლას, რომელიც არის კარუსელით, მოსყიდული, მუქარით და ა.შ. ანუ ყველა იმ უკანონობით, რომელიც რა თქმა უნდა, იყო არჩევნებზე”, – აცხადებს ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

„როგორ გაიგო კობახიძემ, მდინარაძემ და „ქართულმა ოცნებამ” 1%-იანი სხვაობის შესახებ, სანამ ორგანიზაცია ამას გაასაჯაროვებდა? და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს წინადადება შეეცურებინათ ოპოზიციისთვის და ელჩებისთვის. ეს არის საგანგაშო. ჩემთვის ეს არის ფარული მიყურადების, მონაცემთა ბაზაში შეღწევის თვალნათელი მაგალითი…”, – განაცხადა დეკანოიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის თქმითაც, „ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და საეჭვოა, რომ ეს დროში ემთხვევა ხელისუფლების განცხადებას 1%-იან ცდომილებასთან დაკავშირებით”.

„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჩვენი მტკიცებულებები, ჩვენი განცხადებები, როგორც ოპოზიციის, ისე ზოგადად საზოგადოების, სხვა არასამთავრობოების მხოლოდ ISFED-ის მონაცემებზე არ იყო დამყარებული. მათ განცხადებებამდე ჩვენ გვქონდა ის ოქმები – მაჟორიტარულ ნაწილში 2/3 დაუბალანსებელი და პროპორციულ ნაწილში 30%-ზე მეტი დაუბალანსებელი. და სერიოზული გაყალბებები”, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

„ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ” პარტიების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზები, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა. როგორც ბოკერიამ „ფორმულას” ეთერში აღნიშნა, ამით მმართველი გუნდი ოპოზიციისთვის მახის მოწყობას ცდილობდა.

„ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირი საიდუმლოს გაცემას არ ვახდენ, იგივე გზავნილი ჰქონდა მოლაპარაკებებზეც, რომ აი მოდი ჩავუჯდეთ ISFED-ის პარალელურ დათვლას და თუ დადასტურდა იქ, რომ ემთხვევა შედეგი, მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები, თუ არ დადასტურდა, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.

აქედან ირკვევა, რომ რაღაც ფორმით, დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით, იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავისი მოკლე ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით”, – განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, ბოკერიას თქმით, PVT (პარალელური დათვლა) „არასდროს აუღიათ საზომად. ის ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს”.

„ის ითვლებს არსებულ ოქმებს. ჩაყარეს სადღაც ოქმები, ეს ოქმები სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო და დააჯამა. ვერც ხმის კონტროლის კარუსელს აკონტროლებს”, – განმარტა ბოკერიამ.

პარტია „მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ „ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას”.

„როდესაც ISFED ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე…

ბოდიშის რა მოგახსენოთ, ამაოდ ელოდება ბატონი თალაკვაძე, მაგრამ მე ველოდები მოლაპარაკების გაგრძელებას ელჩების ფორმატში”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.


„სამართლიანი არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.


რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ახსენებენ შეფასებაში, ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა 9 დეკემბერს განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, პარლამენტში პირველივე შეკრებისთანავე უმრავლესობა დააინიცირებს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად კი ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიიწვევენ.

კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს თუნდაც 1%-იან გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. თავად კი, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, ასეთ შემთხვევაში მზადაა, სრულად ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას.