პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს არჩევნების გაყალბებაზე გამოთქმული ბრალდებებისთვის, რადგან ISFED-ის პარალელური დათვლისა და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა.
„სამართლიანი არჩევნების ამ განცხადების შემდეგ მე-4 პრეზიდენტმაც და მთელმა ოპოზიციამაც ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ რომ ოპოზიციის მთავარი ბრალდება თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა, რაც დღეს უკვე ამ განცხადებით დადასტურდა. ანუ ის რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა სინამდვილეში ზუსტად ისეა გადანაწილებული როგორც ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ შედეგებში აჩვენა.
საზოგადოებას ავუხსნი რაზეა საუბარი. ცესკოს პარალელურად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები”, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს არჩევნებს და ითვლის პარალელურად, დამოუკიდებლად არჩევნების შედეგებს, თითოეულ უბანზე, 800-ზე მეტ უბანზე, დღეს მოვისმინეთ განცხადება რომ პარალელური დათვლის შედეგები პრაქტიკულად ემთხვევა ცესკოს შედეგებს და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად იგივე”- განაცხადა „რიუსთაბი 2-ის“ ეთერში თალაკვაძემ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობა 1.8%-ია.