ISFED „ლელოს” მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე საუბრობს

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე – მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

მოძრაობა მომავლისთვისდა პარტიალელო

გორი

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს – ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი.

ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი – თეონა დოლენჯაშვილია. მაგალითად, 15 მაისს, „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში, ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია. დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში, „მომოს“ დამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები: პოლიტიკური საბჭოს წევრი – კახა კოჟორიძე, გორის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე – პაპუნა კობერიძე და რეგიონული ოფისის წევრი – სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს.

თელავი

17 ივნისს, „ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, გადასცეს საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები. აქციის მონაწილეები გამოწყობილი იყვნენ „ლელო საქართველოსთვის“ საიმიჯო ყვითელი ფერის სამოსში, მათივე ლოგოს გამოსახულებით.

12 გალელი სტუდენტის დაფინანსება

3 ივლისს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მოძრაობა მომავლისთვის – მომომ“ 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. შესაბამისი ინფორმაცია, გამოცემა ინტერპრესნიუსის ბმულით, მოძრაობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „მოძრაობა მომავლისთვის“ უკვე ათეულობით ოჯახს დაეხმარა.