ISFED-მა ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სარჩელი წარადგინა

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ბსუ-ის რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარადგინა.

ორგანიზაციის შეფასებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნები არსებითი დარღვევებით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უგულებელყოფით ჩატარდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ბსუ-ის რექტორის არჩევის პროცესი და არსებითი პრობლემები გამოავლინა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდა ბსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, პაატა აროშიძე, რომელიც ამჟამად უკვე მოქმედი რექტორის ტიტე აროშიძის ძმაა. პაატა აროშიძეს ძმის არჩევნებში მონაწილეობისას აცილება არ გაუკეთებია. ბსუ-ის განცხადებით, უნივერსიტეტის დებულების თანახმად, აკადემიური საბჭოს წევრს აცილების ვალდებულება არ გააჩნია.

თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. ბსუ-ის რექტორის ასარჩევად გამართულ კონკურსში, ასევე, დაირღვა კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ხმის დათვლის პროცესში დამსწრე პირებს, მედიის წარმომადგენლებს, კანდიდატებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს იმ მიზეზით დაატოვებინეს დარბაზი, რომ ხმის დათვლის პროცესი ფარულად ჩატარებულიყო.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია. უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა თუ პარტიების გავლენას. სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში, სასწავლო-კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან მის კომპეტენციას სცილდება სწავლების, სწავლისა და კვლევის პრინციპების განსაზღვრა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტებში პროცესები წარიმართოს გავლენებისგან თავისუფლად და სამართლიანად.

არჩილ გუჩმანიძემ ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს. წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ბსუ-ის რექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.“

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მერაბ ხალვაშის) უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, 2024 წლის 4 დეკემბერს ბსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები გამოაცხადა. ბსუ-ის რექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი: არჩილ გუჩმანიძე და ტიტე აროშიძე.

2025 წლის 21 იანვარს გამართულ არჩევნებზე აროშიძეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.