„ისინი კონკრეტული ნაბიჯებისთვის ემზადებიან“ - ბოკერია ელჩებთან შეხვედრის შესახებ

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ისინი კონკრეტული ნაბიჯებისთვის ემზადებიან.

„უბრალოდ შეშფოთებული კი არ არიან, არამედ ისინი ემზადებიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის, როგორ შეუშალონ ხელი ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს და აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსთვის საშიშ რეჟიმს ივანიშვილის სახით“,- განაცხადა მან.

მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსთან ამ საკითხებზე დისკუსია კვლავ გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებამ წინააღნდეგობა გაუწიოს ამ საშიშ რეჟიმს, ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად გაუწიოს წინააღმდეგობა. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ მხარდაჭერა ქართველ ხალხს ჰქონდეს აქტიური თავისუფალი სამყაროსგან. ამ მხარდაჭერის ნაწილი, ჩემი აზრით უნდა იყოს საფრთხე სანქციებისაც“, – თქვა მან.

გიგა ბოკერიამ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განხცადებაც, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას დიალოგისკენ. ბოკერიას განცხადებით, იქამდე, სანამ ღარიბაშვილი არ ისაუბრებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, მისი სიტყვები არასერიოზულია დიალოგის დაწყებაზე.

„რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა, ვინც მისი აზრით მისთვის მიუღებელი ოპონენტია, უნდა განადგურდეს. როცა აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეს სიტყვები არასერიოზულია“, – განაცხადა მან.