ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე 2 პირი დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ დაკავებულები არიან აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ისინი თბილისში ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ – ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ.

მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.

ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედოერე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა”, – წერს შსს.