ისრაელი: ღაზაში საავადმყოფოს აფეთქება ჯიჰადის მიერ რაკეტის არასწორად გასროლამ გამოიწვია

პუბლიკა

ისრაელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქება ისრაელის მიმართულებით „ისლამური ჯიჰადის” რაკეტის არასწორად გასროლამ გამოიწვია და არა – ისრაელის საჰაერო თავდასხმამ.

17 ოქტომბერს ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ოფიციალურმა პირებმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულეს. თავდასხმას გენოციდი უწოდა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა.

„დაზვერვა მრავალი წყაროზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გაშვებული რაკეტის გამო”, – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

BBC-ის კითხვაზე, როგორ ამტკიცებს ისრაელი, რომ თავდასხმა მას არ განუხორციელებია, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, ადმირალი დანიელ ჰაგარი პასუხობს, რომ: ისრაელის სარადარო სისტემამ აღბეჭდა რაკეტების გაშვება ღაზის ტერიტორიაზე. მისი თქმით, არსებობს ორი სხვადასხვა ვიდეო, რომელიც რაკეტის არასწორად გასროლას ასახავს.

ჰაგარის თქმით, ტერორისტებმა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით 7 ოქტომბრიდან დღემდე წარუმატებლად 450 რაკეტა გაისროლეს.

ალ აჰლის საავადმყოფოს ქრისტიანული ანგლიკანური ეკლესია აფინანსებდა. მათ დაგმეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს. საავადმყოფოს დაბომბვა დაგმო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც.