ისრაელის ავიაიერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა - IDF

პუბლიკა

ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) განცხადებით, მათ „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური, ჰუსამ აბუ ჰარბედი მოკლეს. ჰარბედი ისლამისტ მებროძოლებს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მეთაურობდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ის ბოლო 15 წლის განმავლობაში ისრაელზე არაერთი შეიარაღებული თავდასხმის ავტორი იყო. მათ შორის, IDF-ის განცხადებით, გასულ კვირას მისი ხელმძღვანელობით მოხდა თავდასხმა  ანტისატანკო რაკეტით, რომლის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიჭრა.

ისრაელით შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჰარბედი ავიაიერიშის შედეგად მოკლეს. თუმცა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ დაუდსტურებია თავად „ისლამურ ჯიჰადს“.

ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება კი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ აღკვეთეს პალესტინელთა იერიში ზღვიდან, მათ შორის გაანადგურეს პალესტინელთა წყალქვეშა დრონიც. თუმცა, განგაშის სიგნალი ისრაელის სამხრეთ ქალაქებში დღეს თითქმის მთელი დღეა ისმის. ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ გაანადგურა, ქალაქ აშდოდში ჩამოვარდა. მსუქუბად დაშავდნენ მოქალაქეები.

თავის მხრივ, ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორზე ავიაიერიშებს. პალესტინელთა ინფორმაციით, დაღუპულია მათი ორასამდე მოქალაქე. ისრაელში კი პალესტინელთა შეტევების შედეგად 10 მოქალაქე გარდაიცვალა.