ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა - მედია

პუბლიკა

The Time of Israel-ის ცნობით, თურქეთთან გაციებული ურთიერთობის ფონზე ისრალემა სომეხთა გენოციდი აღიარა. მთავრობამ დღეს, კვირას, კენჭი უყარა და ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის აღიარებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ აღიარების საკითხს კვირას მინისტრთა კაბინეტის კენჭისყრაზე გაიტანდა, კანონპროექტის ერთხმად მიღების შემდეგ X-ზე დაწერა:

„სწორი საქმის გასაკეთებლად არასდროსაა გვიან. ისრაელი უერთდება იმ 32 ქვეყანას, რომლებმაც შეასრულეს მორალური ვალი ისტორიული სიმართლის აღიარებითა და მისი უარყოფის მცდელობების უარყოფით“, — დაწერა საარმა.

The Time of Israel წერს, რომ თურქეთთან დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებისგან. თურქეთი, როგორც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე სახელმწიფო, გენოციდს უარყოფს.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები საბოლოოდ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ გაფუჭდა. The Time of Israel წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა ღაზაში ისრაელის ქმედებები ნაცისტურ გერმანიას შეადარა და ისრაელთან მყარი სავაჭრო კავშირები ფაქტობრივად სრულად გაწყვიტა. ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ღაზაში გენოციდის ბრალდებას.