ისრაელმა ირანის ბირთვულ და სარაკეტო ობიექტებზე იერიში მიიტანა

პუბლიკა

ღამით ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი იერიშები განახორციელა.

ისრაელის განცდებით, თავდასხმა მიზნად ისახავდა ბირთვული ობიექტების, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებისა და სამხედრო მეთაურების განადგურებას.

საპასუხოდ ირანმა ისრაელის ტერიტორიისკენ 100-მდე უპილოტო დრონი გაუშვა. შედეგად ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარულმა კორპუსმა განაცხადა, რომ მოკლულია მათი უმაღლესი მეთაური, ჰოსეინ სალამი.

სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თეირანში დაიბომბა ამ დანაყოფის შტაბ-ბინა.

გამოცემა Axios-ის ცნობით, საჰაერო თავდასხმების პარალელურად, ისრაელის ჯაშუშური სააგენტო „მოსადი“ ფარული დივერსიული ოპერაციების სერიას ხელმძღვანელობდა ირანის ტერიტორიაზე.

ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ბირთვული მეცნიერი, ფერეიდუნ აბასი და მოჰამად მეჰდი თეჰრანჩი დაიღუპა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ „არ აღმოიფხვრება ირანის საფრთხე“.

„ჩვენ ისრაელის ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ვართ. დაიწყო ოპერაცია „ამომავალი ლომი“, რომლის მიზანია ირანის საფრთხის აღმოფხვრა ისრაელის გადასარჩენად.

ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება“, – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თავდასხმაში შტატებს მონაწილეობა არ მიუღია.

„ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტია რეგიონში ამერიკული ძალების დაცვა. მკაფიოდ ვამბობ, ირანმა მიზანში არ უნდა ამოიღოს ~აშშ-ს ინტერესები და პერსონალი“, – თქვა რუბიომ.

ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა თქვა, რომ მოუწოდებს ყველა მხარეს უკან დახევისკენ.

„ამ თავდასხმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა. ესკალაცია რეგიონში არავის არგებს.

ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ჩვენ პარტნიორებს ვიწვევთ დეესკალაციისთვის. ახლა არის დრო თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიის დაბრუნებისა“, – თქვა სტარმერმა.