ისრაელში საპროტესტო აქციებზე ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს

პუბლიკა

ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა – ათასობით მოქალაქე ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახებთან ერთად შეიკრიბა და ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვა.

აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ნეთანიაჰუ „აბრკოლებს “ და სანამ ის ძალაუფლებას არ დათმობს, პროტესტს გააგრძელებენ.

„ისრაელელი ხალხი არ დაივიწყებს და არ აპატიებს მათ, ვინც შეთანხმების მიღწევას აფერხებს. 176 დღის, 4 224 საათის შემდეგ ყოველგვარი მიზეზი ამოეწურათ”, – განაცხადა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ მიმართავენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.