„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის შეფასებით, „ხელისუფლება ეშმაკობს“, როდესაც პროკურატურის სახელით იმ შეთვაზებას აკეთებს, რაც დღეს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
დიტო საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირებს.
„გარკვეულწილად ეშმაკობს ხელისუფლება. მას თან უნდა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა, რომ ეს მათ ხარჯზე მოხდეს, მათ შორის ეს სასამართლოს დამოუკიდებლობით რო შეეფუთათ, ამაზეც არ წავიდნენ. მათ იცოდნენ, რომ ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო, არ აპირებდა გადახდას და ეს იყო მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ უთხრან „კიდევ ერთი შანსი მივეცით, მაგრამ აი არ იყენებს“, ისრის გადატანა უნდათ საკუთარი თავიდან ნიკა მელიას მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ გამოუვათ. ეს არ არის რაღაც ახალი გარემოება, ამაზე საუბარი იყო ძალიან დიდი ხანია უკვე, თებერვლის 5 რიცხვიდან ზუსტად ამაზე საუბრობდა პროკურატურაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც“, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
„ენმ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განცხადა, რომ ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და მისი პოზიცია იგივეა და რომ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არაფერი შეუცვლია.