ნიკა მელიას გადაწყვეტილება რჩება იგივე - დეკანოიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის განცხადების შესახებ ისაუბრა.

„ეს იყო კიდევ ერთი აბსურდული და შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ასეთი ინსტიტუტი,  არ არსებობს და მთლიანად ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ნიკა მელიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობდა იმას, რომ გავრილოვის დავალებით, გავრილოვის შეკვეთით გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეს ეწინააღმდეგებოდა იმ იდეას და თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც სურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი.

მინდა, ყველას შევახსენო, ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ემსახურება გავრილოვს – ნიკა მელიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, ნიკა მელია იბრძვის თავისუფლებისთვის. სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროკურატურის გამო, სადაც ახლა არის ნიკა მელია იმაზე უფრო თავისუფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვის მსახური.

ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება იდეისტის,  თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე და პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება არის უსუსური თავის მართლების მცდელობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და მისი პოზიცია იგივეა და რომ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არაფერი შეუცვლია.

ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.