ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი - მინისტრი

პუბლიკა

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მის კომენტარს POSTV ავრცელებს.

„კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.

ასევე, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ…

განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.

იგი მოხსენიებულია ქველმოქმედად და მეცენატად, მოთხრობილია მისი მოკლე ბიოგრაფია და ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაღრმავდა ევროპული ინტეგრაცია.

ამან მოქალაქეების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. განათლების სამინისტროსთან გაიმართა აქციაც.