ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას და ელენე ნიჟარაძე გადადგა - მდინარაძე

პუბლიკა

„ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს თავმჯდომარის და როგორც თქვენ ახლა მიყვებით, ელენე ნიჟარაძე გადადგა”,  – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომ ელენე ნიჟარაძე ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის.

„ჩემი საქმე არ არის ეს, უნდა წასულიყო თუ არა და არც არასდროს არ ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი, მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში? „ქართულ ოცნებასა” და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები. ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს თავმჯდომარის და როგორც თქვენ ახლა მიყვებით, ელენე ნიჟარაძე გადადგა. ნამდვილად სასაცილო სიტუაცია იქნებოდა ეს, რომ არ შეეხებოდეს ქვეყანაში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძელს — არჩევნებს, მის დემოკრატიულ ჩატარებას და პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას”, — განაცხადა მდინარაძემ.


„სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებს. ამ ინფორმაციას „ფორმულასთან” საუბრისას ISFED-ის გამგეობის წევრი თამარ სართანია ადასტურებს.

ხვალ, 25 დეკემბერს ISFED-ის ცენტრალურ ოფისში ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე საკითხების შესახებ გამგეობის წევრების პრესკონფერენცია იგეგმება. სართანიას თქმით, დანარჩენ შეკითხვებს ამ ფორმატში გასცემენ პასუხს.