ითხვისში მიწის ჩაქცევიდან 7 თვის თავზეც ბუნდოვანია დაზარალებულების კომპენსაციის საკითხი – შეფასება

პუბლიკა

ითხვისში მიწის ჩაქცევიდან 7 თვის თავზეც ბუნდოვნად რჩება პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი – ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების – საიას, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

მათი  შეფასებით, დასკვნა ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს ვერ ქმნის შემდეგი მიზეზების გამო:

  • კომისიას არ შეუფასებია, რა ბედი უნდა ეწიოს სოფელს/უბანს – უნდა მოხდეს მთლიანი თემის განსახლება და განხორციელდეს წიაღის მოპოვება, თუ არსებობს მოლოდინი, რომ დანარჩენი მცხოვრებლებისთვის სოფელში დარჩენა უსაფრთხოა;

  • ბუნდოვანია რა სტანდარტებით, წესებით და რა ვადებში მოხდება დაზარალებულების განსახლება. ამ ეტაპზე მხოლოდ სახლების საბაზრო ღირებულება ფასდება, რაც, სავარაუდოდ, საკმარისი ვერ იქნება ახალი საცხოვრებელი სახლების ასაგებად;

  • დასკვნის მიხედვით, შეისწავლეს მხოლოდ 106 ოჯახის მდგომარეობა, თუმცა კომისია არ მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არ შეფასდა დამატებით ის საცხოვრისებიც, რომლებიც ასევე ექცევა მიწის ჩაქცევის არეალში და სავარაუდოდ, არც ეს სახლებია ბოლომდე უსაფრთხო;

  • კომისია გამოყოფს მნიშვნელოვანი და ნაკლები დაზიანების მქონე ნაგებობებს, და ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მნიშვნელოვნად დაზიანებულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის განსახლება. თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მიაკუთვნა კომისიამ სახლები ნაკლებად დაზიანებულ, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულ კატეგორიებს.

  • დოკუმენტის მიხედვით, საშუალო დაზიანების მქონე კარმიდამოებზე დამატებითი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, რათა შესაძლებელი გახდეს დაზიანების შესახებ მონაცემების შეგროვება; თუმცა უცნობია, მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება/უწყებები და მისი სავარაუდო გრაფიკი.

  • დასკვნის მომზადების პროცესში არ მონაწილეობდა თავად ითხვისის მოსახლეობა, კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია დახურული იყო. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდებოდა საკვანძო დოკუმენტაციაზე, მათ შორის მათთვის უცნობი იყო, რა შინაარსის ექსპერტული შეფასებები მომზადა მათივე სახლების შესახებ.

„დამატებით, ბუნდოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებაზე. დასკვნაში მიწის ჩაქცევის მთავარ მიზეზად დასახელებულია გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში წარმოებული მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები და ატმოსფერული ნალექები. კომისიის დასკვნა ითხვისში მიწის ჩაქცევის გამომწვევ მიზეზებს შორის არ ასახელებს „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ მოპოვებით სამუშაოებს, “- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ შეფასებაში.

მათვე თქმით, ეკოლოგიური ვითარებიდან და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული მდგომარეობა შეფასდეს ერთიანობაში და შესაბამისმა უწყებებმა, იმსჯელონ, რამდენად არის შესაძლებელი მომდევნო წლებში სოფლის ან მისი ნაწილის (ქვემო ითხვისის) შენარჩუნება საცხოვრებლად უსაფრთხო ზონად.

ორგანიზაციებში ამბობენ, რომ არსებითია, უმოკლეს დროში მოხდეს უწყებათაშორისი მექანიზმის/პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართულობით იმსჯელებს და შეიმუშავებს სიტუაციის მონიტორინგის მექანიზმს და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს.