„ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა" - იოზვიაკი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტზე

პუბლიკა

„საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა” – წერს ტვიტერზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.

დღეს საქართველს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში გადადებულია.

„18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწიური მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“, – ამბობდა სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს.