იუკნევიჩიენე: საქართველო სულ უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ გრანტების შესახებ მიღებულ კანონს და აცხადებს, რომ საქართველო სულ უფრო ეფლობა ავტორიტარიზმში.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ეს კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ კრიტიკული ხმების ჩახშობასა და რეპრესიებს ემსახურება.

„საქართველო სულ უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონი აიძულებს საერთაშორისო დონორებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე მთავრობის თანხმობა მიიღონ. ევროკავშირის ან უცხოური არცერთი დახმარება არ მიაღწევს დამოუკიდებელ ხმებამდე, სანამ ამას არ შეამოწმებს რეჟიმი, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს.

ეს აშკარა სახელმწიფოს მიტაცებაა. ამის მიზანია: დაისაჯონ დემონსტრანტები, განადგურდეს კრიტიკული მედია და მხოლოდ რეჟიმის მომხრე არასამთავრობოები დაფინანსდეს. „ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ეს გამჭვირვალობას ეხება – სინამდვილეში, ეს რეპრესიაა. ეს არის პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან”, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ეს უპასუხოდ არ უნდა დატოვოს – მისი თქმით, საჭიროა სანქციების დაწესება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა და ახალი არჩევნების მოთხოვნა.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ უფლება, საქართველო ბელარუსად აქციოს”, – წერს ევროპარლამენტარი.


„ქართულმა ოცნებამ“ უნებართვო გრანტების აკრძალვის პაკეტი სამივე მოსმენით მიიღო.

პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ორ დღეში დაამტკიცეს. კანონი მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.

ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად გრანტების შესახებ კანონში, კორუფციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.

გრანტების კანონში ცვლილების მიხედვით, დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდება.

მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა იქნება საჭირო გრანტის მიზნის ცვლილებისთვის.

თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ასევე ჩაითვლება თანხის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოყენება.