იურიდიულმა კომიტეტმა II მოსმენით მხარი დაუჭირა აქციებზე კონსტრუქციების მოწყობის შეზღუდვის კანონპროექტს

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „შეკრებისა  და მანიფესტაციის კანონში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.

კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდი ესწრებოდა, ოპოზიციიდან კი მხოლოდ „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი იმყოფებოდა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი გუშინ დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების” კანონპროექტით: 

  • მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
  • შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
  • საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციასა და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სუსის 18 სექტემბრის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას.

იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს „გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდველს უწოდებენ” და აცხადებენ: „ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით”.