იმნაძე: სუსის განცხადება გადატრიალებაზე საინფორმაციო მანიპულაციის კლასიკური შემთხვევაა

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი,  გურო იმნაძე „საინფორმაციო მანიპულაციის კლასიკურ შემთხვევას” უწოდებს სუსის დღევანდელ განცხადებას „სახელმწიფო გადატრიალების გეგმის” შესახებ.

იმნაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს არცერთი ფაქტი მისივე ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად.

„სუსის დღევანდელი განცხადება არის საინფორმაციო მანიპულაციის კლასიკური შემთხვევა. არანაირი კონკრეტული ინფორმაცია და ფაქტი არ გაუჟღერებიათ და წინასწარ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ არც არანაირი კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ამ განცხადებას არ მოჰყვება.

რეალობა კი ასეთია:

ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ აქვს ფარცხალაძის სანქცირებაზე. მათ შორის სუსს არც ის განუმარტავს, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს საკითხის „შესწავლა“, რა დაადგინეს;

ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ აქვს პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული/დაუდეკლარირებელი რესურსებით ჩარტერულ რეისებზე;

ხელისუფლებას არ სურს, შოვის მოვლენებზე შეიქმნას პარლამენტში კომისია და დადგინდეს როგორც მიზეზები ამ კლიმატური კატასტროფის, აგრეთვე ისიც, რამდენად ქმედითი იყო სახელმწიფო უწყებები კატასტროფით გამოწვეული ზიანის შემცირების ნაწილში;

ხელისუფლებას არ სურს, რომ განახორციელოს რეალური რეფორმები მართლმსაჯულებაში, დეპოლარიზაციის თუ დეოლიგარქიზაციის კუთხით და ამ გზით, სერიოზულ საფრთხეში აგდებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამიტომაც, თუკი მათ ქმედებას და უმოქმედობას მოჰყვება კანდიდატობაზე უარი, ისევ მოსახლეობის დაშინებითა და შეთქმულების თეორიებით სურთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდება“, – წერს იმნაძე  facebook-ზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 18 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა „სახელმწიფოს გადატრიალების გეგმის” შესახებ. უწყების მტკიცებით, მიმდინარე წლის „ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“.

სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.