იურიდიულმა კომიტეტმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.  დღეს, 2 საათიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას უმრავლესობა და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ხმა უმრავლესობამ, 8 დეპუტატმა დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომას არ ესწრებოდნენ.

მოსმენის დაწყებამდე კომიტეტის დარბაზში ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. დეპუტატები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი სხდომის ჩაშლა არ არის და დარბაზში მყოფებს პოლიტპატიმრების ფოტოები დაურიგეს.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე 2019 წლის  31 მაისს გადადგა. მის გადადგომას წინ უძღოდა „ხორავას საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პროტესტი მოჰყვა.