ეს თანამდებობები ჩემთვის მეორეხარისხოვანია - ირაკლი შოთაძე გადადგომაზე

ვასკა მათითაიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ კოლეგების მხრიდან „ხორავას საქმის“ შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

შოთაძემ განმარტა, რომ ამ მძიმე საქმეზე საზოგადოებაში კითხვები არსებობდა და მას გადადგომით სურდა დაემტკიცებინა, რომ თანამდებობის შენარჩუნება მისი მთავარი მიზანი არასოდეს ყოფილა.

„მე ჩავთვალე, იგივე დაზარალებულისათვის და საზოგადოებისათვის ცალსახა რომ ყოფილიყო, ის რომ ირაკლი შოთაძეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, ჩაჭიდებოდა რომელიმე თანამდებობას. ეს თანამდებობები ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი და არის შესაძლებლობა, რომ ვაკეთო და ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც ამას ვაკეთებდი თავიდანვე, როდესაც სახელმწიფო სამსახურში დავიწყე მუშაობა“,- განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე ერთ-ერთი მიზეზი მისი გადადგომისა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან „ხორავას საქმის“ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება გახდა.

„ჩავთვალე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, ამ საქმეზე მართლმსაჯულების პროცესი წასულიყო მართლმსაჯულების გზით“, – ამბობს შოთაძე.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე 31 მაისს გადადგა. მის გადადგომას წინ უძღოდა „ხორავას საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პროტესტი მოჰყვა.