იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. კენჭისყრის შედეგებს კომიტეტის თავმჯდომარე ბიუროს წარუდგენს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სესიაზე განსახილველად დარეგისტრირდება. სავარაუდოდ, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დღესვე უყრიან კენჭს.

განსხვავებით „ქართული ოცნების” დეპუტატებისგან, ქადაგიძის არჩევის პროცესს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი.

ნინო ქადაგიძის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები”. გედევან ფოფხაძემ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატის მოსმენა დატოვა, განაცხადა, რომ ქადაგიძის კანდიდატურის მოსმენა უადგილო და არადროული იყო.

„გამოდის, რომ მოსწრებაზეა ხელისუფლება ეს კანდიდატურა დაამტკიცოს. ჩვენ მთლიანი პროცესის მიმართ სკეპტიკური პოზიცია ჯერ კიდევ მოსართლეობის კანდიდატების განხილვის დროს დავაფიქსირეთ, არაფერი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა შერჩეულია უსამართლოდ, არასწორად, მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურად მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ეს კი ვერ შეიცვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან მიმართებაში, ამიტომ ამ კანდიდატს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და არც კენჭისყრაში მონაწილეობა მიგვაჩნია სწორად“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პროცესს თავიდანვე უნდობლობას უცხადებდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა ე.წ. კლანის ინტერესებშია.

„ივანიშვილი კიდევ ერთხელ განიმტკიცებს თავის მდგომარეობას სასამართლოში. ქადაგიძე არის იმ კლანის წარმომადგენელი, იქ სწორედ იმიტომ განამწესეს, რომ ივანიშვილის ყველა მოთხოვნა შეასრულოს”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

„უდიპლომო რომ იყოს მისი წინამორბედივით, ეს მას არაფერში შეუშლის ხელს, ვინაიდან ის იმ კლანის პირველი ტალღის ნაწილია, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი. დღეს კი სასამართლო კლანის კიდევ უფრო განმტკიცება ხდება”, – ამბობს რომან გოცირიძე.

ქადაგიძის კანდიდატურა შეაფასა ასევე კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელმაც განაცხადა, რომ ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. კოალიციის შეფასებით, სიაში მოხვედრილი კანდიდატები სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ნინო ქადაგიძის შემთხვევაში ეს კარგად გამოჩნდა იურიდიულ კომიტეტში მისი მოსმენისას – მას გაუჭირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებულ შიდა საფრთხეებზე საუბარი და ფაქტობრივად უარყო სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის” არსებობა. კოალიციის ცნობით, ის, ასევე, ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა. ეს პროცესი დადებითად არ შეუფასებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 10 მარტს შეარჩია. კენჭისყრისას ქადაგიძემ 12 ხმა მიიღო, მე-13 ბიულეტენი, რომელიც საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ეკუთვნოდა, გაუქმდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 2018 წლის აგვისტოდანაა, მას შემდეგ, რაც ის ნინო გვენეტაძემ დატოვა.