დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას უზენაესში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის შეჩერებას სთხოვს. იურისტების განცხადებით, დანიშვნის პროცედურის გაგრძელებით ირღვევა 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმაზე იმუშავებს.
„წინადადებას წარვუდგენთ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საზოგადოების ფართო ჩართულობით, იყოს გამოყენებული პრაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში იყო გამოყენებული. აუცილებელია ორი რამ – დეპოლიტიზირება სისტემის, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენების გარეშე იქნას მიღებული და მეორე – ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
იურისტ ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში უნდა ჩაერთოს ოპოზიციაც და საერთაშორისო პარტნიორებიც.
„ჩვენ გვექნება წინადადებები, რა პროცედურით მოხდება მათი შერჩევა. მხოლოდ ძირეული რეფორმის შემდეგ კონკურსი უნდა დაიწყოს თავიდან. არსებობს ხელისუფლების განცხადებები, რომ მათ მიშელის შეთანხმების გაფორმებამდე გაატარეს ცვლილებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ის ითვალისწინებდა ფრაგმენტულ ცვლილებებს. მიზანი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური შერჩევის პროცესი ჩანაცვლდეს პროფესიული შერჩევის პროცესით“, – განაცხადა მან.
იურისტებმა ეკატერინე ციმაკურიძემ, მაია ბაქრაძემ, უჩა ნანუაშვილმა, თამარ ლალიაშვილმა და ირაკლი კორძახიამ დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის სახელით საერთო პრესკონფერენცია გამართეს.
დღეს, 28 ივნისს გავრცელდა საერთო სასამართლოების 310-ზე მეტი მოსამართლის ერთობლივი მიმართვა, რომლითაც ისინი აპროტესტებენ, მათი თქმით, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა არხით და ფორმით წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას, მიმართულს სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. ასევე სხვადასხვა სუბიექტის ქმედებებსა და საჯარო განცხადებებს, რომლებსაც მოსამართლეები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქვამენ.
27 ივნისს მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა: „მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს“.
დიმიტრი გვრიტიშვილი ამ კომენტარით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, სასამართლოსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის დასრულებამდე შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად, შეაჩერონ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
დღეს, 28 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 9 კანდიდატის სია დარეგისტრირდა. საკითხი საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ და კანდიდატებს უმაღლეს ინსტანციაში დასანიშნად უყარონ კენჭი.
გასულ კვირას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.
რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში
ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. -
ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
- რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:
1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
- პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ვადები:
1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.
2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.
3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.
4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.