იურისტი ჭიათურაში დაკავებულებზე: მათი შიმშილობის მოთხოვნა არ არის გათავისუფლება

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებმა, რომლებიც სასამართლოში ჭიათურაში პროტესტის სამ მონაწილეს დაიცავენ, განაცხადეს, რომ დაკავებულების სურვილია, მათი გათავისუფლების საკითხი არ გახდეს პროტესტის მოთხოვნებისა და ვაჭრობის საგანი.

„ჩვენ მოვინახულეთ ოთხივე დაკავებული და ვესაუბრეთ მათ. როგორც იცით, მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე აცხადებენ შიმშილობას. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რაც დამაბარეს, რომ მეთქვა როგორც თქვენთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომ მათი შიმშილობის მოთხოვნა არ არის გათავისუფლება. მათი შიმშილობის მოთხოვნაა, ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მოლაპარაკების საკითხებში მაღაროელებთან ყოველგვარი კომპანიისა და სხვა აქტორების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას ის და მათი სურვილია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ისინი ერთგულები რჩებიან იმ მოთხოვნების, რასაც ამდენი დღეა უწყვეტად ამბობთ და მათი სურვილია, არც ერთ შემთხვევაში, არაფრის ფასად მათი გათავისუფლების თემა არ გახდეს თქვენი მოთხოვნების ვაჭრობის საგანი“, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.

ადვოკატების თქმით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მათ ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის და თენგო გველესიანის უფლებებს დაიცავენ. აჩიკო ჭუმბურიძეს კერძო ადვოკატი წარმოადგენს.

„ოთხივე მათგანი იყენებს დუმილის უფლებას. დარწმუნებული ვართ, ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულება არ ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ნაწილი მათგანი ინციდენტის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით აღკვეთის ღონისძიების შემდეგ [ანუ ორი ადამიანი ინციდენტის დროსაც არ ყოფილა ადგილზე?] ჩვენი ინფორმაციით, კი. როგორც გითხარით, ოთხივე იყენებს დუმილის უფლებას“, – განაცხადა ადვოკატმა.


დაკავებულებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალს 30 აპრილს წარუდგენენ და, სავარაუდოდ, ამავე დღეს გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადეს.

ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჭიათურელები გუშინ ღამით, პოლიციამ დააკავა, 28 აპრილს თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა.