სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტს ეხმაურება.
ომბუდსმენის თქმით, ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფის გარდა, იუსტიციის სამინისტროს მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებთან, კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია. საგანგაშოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის განმავლობაში ამგვარი ქმედება პირველად აღინიშნა.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ იმ საკითხის გასაჯაროება, თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების რისკს, იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა, აიძულოს პატიმრები, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და მასთან შეხვედრისგან. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ყველა პატიმარს გაუჩნდება ეჭვი, რომ მათი და სახალხო დამცველის შეხვედრის დეტალებს მეთვალყურეობს იუსტიციის სამინისტრო და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს გასაჯაროვდეს უწყების მიერ.
„ის საკითხი, თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს.
გუშინდელი განცხადება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გაგრძელებას. სახიფათო და დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის მიერ ისეთი უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, როგორსაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სადაც სასჯელს იხდიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მსოფლმხედველობის პირები. მოცემულ ფაქტს უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივი სამართლებრივი რეაგირება და ყველა ის პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელმაც სცადა სახალხო დამცველზე ზემოქმედება მისი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით“, – ამბობს ომბუდსმენი.
ის მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით და პასუხისმგებლობაში მისცეს შესაბამისი პირები მათი თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად.
სპეციალური პენიტენცური სამსახურმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც გაასაჯაროვა იმ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ვინაობა, რომლეთაც ომბუდსმენი შეხვდა.