ლომჯარია ოქრუაშვილს და მერაბიშვილს შეხვდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენცური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

„დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა“,- ნათქვამია განცხადებაში.

დაწესებულების დატოვების შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას.

“ფაქტია, რომ ჩემი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დაწესებულებიდან გავიდა, მე რომ მქონოდა სურვილი საჯაროობის ამას ვიტყოდი და სამწუხაროდ, როგორც ჩანს სახალხო დამცველის ვიზიტი კონფიდენციალურად არ ინახება. რამოდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი თუ ბაჩო ახალაია. რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ ვხვდები ამას ვიტყოდი. მე ვწყვეტ რატომ, როდის და სად მოვიდე; აქ პატიმრების სურვილით მოვედი, კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რადგან თავად პატიმრებს სურთ ასე. ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იყო სურვილი, რომ მოვსულიყავი და მოვედი. არ ვთვლი საჭიროდ,რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე”, – განაცხადა ლომჯარიამ.