იუსტიციის საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა | ჯანეზაშვილი კლანზე საუბრობს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში 36 მოსამართლე დანიშნა. საბჭოს ინფორმაციით, ვაკანსია 99 თანამდებობაზე იყო გამოცხადებული, კონკურსში 68 კონკურსანტი მონაწილეობდა.

მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ, უვადოდ, ნაწილი კი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა.

ახალდანიშნულ მოსამართლეთა სია იხ. ბმულზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები კენჭისყრის შედეგებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი მოსამართლე დაინიშნა, ეს საკმარისი არ არის, რადგან ძალიან მცირე რაოდენობაა და ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც წინა კონკურსებში, ახლაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები და ისე აძლევდნენ ხმას კანდიდატებს, რის გამოც სამართლიან გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კლანი არსებობს, კლანი თავის ინტერესებს ატარებს და სისტემა არის ჩაკეტილი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.


ოქტომბერში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე ცვლილება იყო: საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რასაც ჯანეზაშვილი „წარსულში დაბრუნებას“ უწოდებს, მისი თქმით, ახალი კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე აღარ ხდება, ამ ცვლილების მიზანი კი, ჯანეზაშვილის თქმით, ძალაუფლების გადანაწილება იყო.

იუსტიციის საბჭოს ჰყავს ახალი მდივანი და ორი მოსამართლე წევრი. მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს. მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილი გამწესდა.

„კლანი არჩევნებამდე ცდილობს სტრატეგიული თანამდებობების დაკავებას“, – ასე შეაფასა არჩევნების I ტურის წინა დღეს ჩანიშნული რიგგარეშე კონფერენცია „კოალიციამ“.

2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მეთოფიშვილი ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო, რომელიც, მისი შეფასებით, ცუდ საქმეს აკეთებდა სასამართლო სისტემისთვის. ჯანეზაშვილის შეფასებით, პრობლემური საკითხია მისი ამ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა.