იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში ასარჩევად „ქართული ოცნების“ პარლამენტს არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამისი წარდგინება გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე.
უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 30 დეკემბრიდან ერთი ადგილი ვაკანტური გახდება.
თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. იუსტიციის საბჭოს ცნობით, 2025 წლის მარტში მოუსმინეს კანდიდატებს. ისინი იუსტიციის საბჭოს 11-მა წევრმა შეაფასა.
არჩილ კოჭლამაზაშვილმა 11-ვე წევრის მხარდაჭერა მოიპოვა და მისი კანდიდატურა „ოცნების“ პარლამენტს წარედგინა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით აირჩევა.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე შეისწავლიან კანდიდატის დოკუმენტაციას და კომიტეტის სხდომაზე გაიმართება საჯარო მოსმენა.
იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, არჩილ კოჭლამაზაშვილი 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2002 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად.
2020 წლის იანვრიდან მარტამდე მუშაობდა შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორის“ იურისტად.
2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად.
2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტად.
2011-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მანდატურად.
2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მანდატურად.
კოჭლამაზაშვილი მოსამართლეთა ასოციაციის წევრია. ასოციაციის თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა.