იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე მოსამართლის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ.
„2021 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით 2021 წლის 26 მარტს მომართა. 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა.
ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ“,- ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, უვადოდ გამწესებული მაია სვიანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შვებულების გასატარებლად გაემგზავრა და იქ დარჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი განცხადება გამოუგზავნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ამ გზით მოითხოვა.