უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა - ჯანეზაშვილი

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, უვადოდ გამწესებული მაია სვიანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შვებულების გასატარებლად გაემგზავრა და იქ დარჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი განცხადება გამოუგზავნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ამ გზით მოითხოვა.

„ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში“, – წერს ჯანეზაშვილი.

„პუბლიკა“ ინფორმაციის დადასტურებისა და გადამოწმების მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა.

საბჭოში გვითხრეს, რომ მოსამართლის თანამდებობა მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, შესაბამისი განცხადებით საბჭოს მიმართა, დღეს იმსჯელეს საბჭოს წევრებმა და მისი განცხადება დააკმაყოფილეს.

მოსამართლე სვიანაძე 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.