იუსტიციის სამინისტრო ისევ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მივმართავ პროკურატურას - შენგელია

პუბლიკა

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ისევ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ აძლევს მუშაობის საშუალებას, რის გამოც ის ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრსა და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

„დღე მე-10, იუსტიციის სამინისტრო ისევ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ მაძლევს მუშაობის საშუალებას.

გუშინ საოცარი წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე. უკანა რიცხვით, ალბათ დროის მანქანით. 15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები.

ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მივმართავ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით. სანქცია – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან.

ორივე დანაშაულზე უკვე მაქვს საკმარისი მტკიცებულებები. ორივეზე აუცილებლად დადგება განაჩენი, პირობას გაძლევთ“, – წერს შენგელია.


ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ის საქმიანობდა. როგორც შენგელიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის ფიქრობს, რომ მისთვის საქმიანობის შეზღუდვა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ეს შესაძლოა მომხდარიყო.

2020 წლის 24 ივნისის იუსტიციის სამინისტრომ შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ბაჩანა შენგელიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ეს ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ უკვე მეორე საქმეა, რომელიც მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო. ამჯერად სამინისტრო ნოტარიუსს დისციპლინურ დარღვევას facebook-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტების გამო ედავება.

1 ივლისს შენგელიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სასამართლო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

3 ივლისს, იმის გამო რომ სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს, შენგელიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. 

გარდა ამისა, ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შენგელია წულუკიანის ბრძანებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. შენგელიას ინტერესებს საია იცავს.

მიზანმიმართულად დასჯის მცდელობად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბაჩანა შენგელიას საქმის წარმოებამ პრობლემები ორი მიმართულებით წარმოაჩინა – ერთი მხრივ, არსებული კანონმდებლობის ხარვეზი; მეორე მხრივ კი, რჩება განცდა, რომ ეს არის ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობაა.