იუსტიციის სამინისტრომ facebook-პოსტების გამო ახალი დისციპლინური საქმე აღძრა ჩემ წინააღმდეგ – შენგელია

პუბლიკა

ბაჩანა შენგელია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა შეუზღუდა, უწყებიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. წერილის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 24 ივნისის 258-ე ბრძანების საფუძველზე, ბაჩანა შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

ბაჩანა შენგელიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ეს ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ უკვე მეორე საქმეა, რომელიც მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო. ამჯერად სამინისტრო ნოტარიუსს დისციპლინურ დარღვევას facebook-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტების გამო ედავება.

წერილში წერია, რომ დისციპლინური საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს და ბაჩანა შენგელიას სთხოვენ,  დისციპლინურ კომისიას 30 ივნისამდე წერილობით მიაწოდოს მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

წერილის მიხედვით, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა ბაჩანა შენგელიას facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით მიმართავდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამჟღავანებას და პოლიტიკური შეფასებებს.

 

ბაჩანა შენგელიამ 26 ივნისს განაცხადა, რომ მას 19 ივნისიდან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე,  სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ის საქმიანობდა.

როგორც შენგელიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის ფიქრობს, რომ საქმიანობა პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდეს, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო.

მან უკვე წერილობით მიმართა პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

შენგელია უახლოეს დღეებში, ასევე,  მიმართავს სახალხო დამცველს, რათა დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.

შენგელიას სანოტარო საქმიანობის შეზღუდვაზე შეკითხვას პარლამენტში პრემიერის წლიური მოხსენების დროს უპასუხა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ბაჩანა შენგელიამ პანდემიის პირობებში ნოტარიუსებისთვის მოქმედი წესები დაარღვია და მის ბიუროს დროებით შეუჩერდა საქმიანობა.

„პანდემიის პირობებში ყველა ნოტარიუსისადმი მოქმედებს დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, თუ აღმოჩნდა, რომ ინსპექტირებისას დაარღვია წესები, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობა და ნუ აპოლიტიზებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ. ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია.“ – განაცხადა წულუკიანმა.