იუსტიციის სამინისტრომ პრობაციის ბიუროებში პრობაციონერთა დაბარება დაიწყო

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პრობაციონერთათვის ეტაპობრივად აღდგება პრობაციის ბიუროებში გამოცხადება. პირველ ეტაპზე, 18 მაისიდან გამოცხადება სავალდებულო ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის გახდება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 18 მაისიდან გამოცხადების ვალდებულება 1499 პრობაციონერს ექნება.

„პრობაციის ბიუროები ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მისაღებად უკვე მზად არიან. იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და დაცული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ყველა ბიურო აღჭურვილია დენზობარიერით, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.

აპარატურა, რომელიც თითის ანაბეჭდის ასაღებად გამოიყენება, ყოველი მოხმარების წინ სპეციალური ხსნარით დამუშავდება.  ბიუროს შიდა სივრცეში შესასვლელად პრობაციონერები ვალდებულნი იქნებიან, ატარონ დამცავი ნიღაბი. სერვისის მისაღებად შენობაში ერთდროულად დაიშვება არაუმეტეს სამი პირისა, შენობის გარეთ კი, სოციალურ დისტანციას დაცვის პოლიცია გააკონტროლებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება დანარჩენ პრობაციონერებს, ისინი გამოცხადებისგან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გათავისუფლებულები არიან. ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდეა გამოცხადებული. პრობაციონერები ბიუროებში სავალდებულო გამოცხადებისგან იუსტიციის მინისტრის მითითებით 12 მარტიდან გათავისუფლდნენ.