„დღეს გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, სადაც დაწუნებულია ნამახვანჰესების კასკადი”, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულებაზე, რომელიც სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმდა.
მისი თქმით, დოკუმენტით, რომელსაც აქამდე სახელმწიფო უწყებები არ ასაჯაროებდნენ, „ვხედავთ ერთ რაღაცას, რომ არ არის გათვალისწინებული რეალური სურათი და სამინისტროსვე დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული”.
როგორც ის ამბობს, დღეს გასაჯაროებული დოკუმენტით ნათელი გახდა, რომ ყველა ის არგუმენტი, რასაც აქამდე ამბობდნენ, არის ნამდვილი და ეს დაადასტურა თავად სამინისტროს დასკვნამ. მისივე თქმით, სამინისტროს დასკვნა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შეწყდეს ხეობაში სამუშაოები და პოლიცია გავიდეს ხეობიდან.
„დღეს მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. ეს არის 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია ნამახვანჰესების კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს. თქვენ იცით, რომ აღნიშნული დოკუმენტი იყო კონფიდენციალური აქამდე. ანუ, წარმოიდგინეთ, 2019 წლის 30 მარტს არის შეფასება გაკეთებული და დღემდე ის იყო კონფიდენციალური. სწორედ იმის გამო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროექტის განხორციელება და არ გაითვალისწინა სამინისტროს დასკვნები. მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროსი, რომლის დასკვნაც დღემდე კონფიდენციალურია და ფინანსურ ნაწილში ფინანსთა სამინისტროს დასკვნა არ ვიცით. მაგრამ ვხედავთ ერთ რაღაცას, რომ არ არის გათვალისწინებული რეალური სურათი. ანუ, სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული. გადაწყვეტილება მიღებულია და გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება“, – განაცხადა მან აქციაზე.
მისი თქმით, სამინისტრო, დოკუმენტის მიხედვით პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ უნდა გაფორმდეს მსგავსი სახის ხელშეკრულება. გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები მხილებულია უკანონობაში.
„აქ არის მნიშვნელოვანი ის, რას ვფიქრობთ ჩვენ ამ პროცესებზე, აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ მხილებულ იქნა ხელისუფლება და ის სახელისუფლო ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პროცესებზე, თვითონ გამოააშკარავეს საკუთარი თავი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კოსნპირაციებს ვავითარებთ, როგორც ამბობენ არაერთი მედიასაშუალებიდან, რომ უბრალოდ მართულია ეს პროცესი და თურმე, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ იმპორტი განხორციელდეს მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში ელექტროენერგიის. ხომ ცხადყოფს ეს ყველაფერი, სამინისტროს დასკვნები, ეს ხელშეკრულება, რომ მათ თავად გამოავლინეს საკუთარი თავი“, – თქვა მან.
როგორც გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს აქციის მონაწილეების მიღწევაა, რადგან სხვა შემთხვევაში დოკუმენტების შინაარსის შესახებ ხალხი ინფორმაციას ვერ მიიღებდა.
„მთის ამბებმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამ დრომდე გასაჯაროებული არ იყო. დოკუმენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.
შეფასებაში კრიტიკულადაა განხილული მთელი რიგი პუნქტები და შეიცავს 22 შენიშვნას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“.