იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ევროსასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან სააკაშვილის საჩივარი ამორიცხა

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი, პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით, განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

როგორც იუსტიციის სამინისტრო ამბობს, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას.

„ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა“, – ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.