სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის საქმე განხილვის არსებით ეტაპზე გადადის - მინისტრი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას საქმეზე მყარი არგუმენტები აქვს და საბოლოო შეფასებას არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

„იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში, შესაბამისად, ბუნებრივია, ამ დავაშიც იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული. რაც შეეხება საქმეს, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე, საქართველოს არგუმენტები ამ საქმეში ძალიან მყარია და ბუნებრივია, საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ მის გამოქვეყნებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. აქ არ არის  წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები. ამაზე გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, მიიღებს სასამართლო. მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება გადაწყვეტილება, ჩვენც გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. ნებისმიერი საქმის განხილვას აქვს სხვადასხვა ეტაპი – ჯერ განიხილება მისაღებობა, შემდეგში საქმე განხილვის არსებით ეტაპზე გადადის და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი პროცესის ერთ-ერთი ნაწილი. ორი საქმეა – შეეხება გელაშვილის ეპიზოდს და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. სარჩელი იყო მიღებული, წარმოება მიმდინარეობდა და გადადის განხილვის არსებით ეტაპზე.

როგორც მოგახსენეთ, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, მიმდინარე საქმეა და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოლოდინზე საუბარი არ იქნება კორექტული, თუმცა საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს, რითაც თავის პოზიციებს ასაბუთებს“, – განაცხადა მინისტრმა.