იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებმა ავეჯში მილიონ შვიდასი ათასი გადაიხადეს

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ და „სმართ ლოჯიქის“ ახალი სათავო ოფისის აღსაჭურვად მილიონ შვიდასი ათას ლარამდე დაიხარჯა.

სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურადაა მოცემული ის მახასიათებლები, რაც თითოეულ სკამს, მაგიდას თუ ავეჯის სხვა დეტალს უნდა ჰქონდეს. მაგალითად, უფროსის სკამი უნდა იყოს გორგოლაჭიანი, ბაზა დამზადებული უნდა იყოს ალუმინისგან, ჰქონდეს სიმაღლეში რეგულირებადი სახელურები, ფერი – შავი. ხელის დასადები დაფარული უნდა იყოს პოლიურეტანის მასალით. სავარძელი გადაკრული უნდა იყოს ტყავით. შევსებულია 32 DNS სიმკრივის ღრუბლით. სინქრო მექანიზმით.

მოთხოვნა შედარებით იცვლება, როდესაც საქმე არა უფროსის, არამედ რიგითი მენეჯერის სკამს ეხება. აქ სავარძელი გადაკრული უნდა იყოს არა ტყავით, არამედ ნაჭრით.

შეძენილია იმგვარი ავეჯიც, როგორებიცაა: სავარძლები თავმჯდომარის მოსასვენებელი სივრცეებისა და მიმღებისთვის; დაბალი მაგიდები დირექტორების მოსასვენებელსა და მიმღებებში; რბილი პუფები; სამზარეულოს კარადა და ა.შ.

ხელშეკრულება დაახლოებით ერთი კვირის წინ, 26 აპრილსაა გაფორმებული. მისი ზუსტი ღირებულება 1 688 770 ლარია.